პენიტენციური სამსახური მიხეილ საააკაშვილის მორიგ ვიდეოს ავრცელებს, რომელიც რეანიმობილშია გადაღებული.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს,’’-წერია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კადრებში მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას ითხოვს.
,,არსად წამოვწვები და არაფერს გავაკეთებ. მე თქვენ არ გესალმებით. თქვენ ხართ პუტინის მონა. რას ნიშნავს დავმშვიდდე? პუტინის ბრძანებას ასრულებთ. არ დავმშვიდდები, ივანიშვილის ლეკვო. ახლავე უკან წამიყვანეთ, რუსთავის ციხეში! თქვენ ადამიანები არ ხართ, მკვლელი ხართ, თქვენს შვილთაშვილებს გაყვება ის, რომ მკვლელი ხართ. ყველანი მკვლელები ხართ! აქედან ჩემი ფეხით არ ჩამოვალ. უკან წამიყვანეთ რუსთავის ციხეში!’’-მიმართავს მიხეილ სააკაშვილი რეანომობილში მყოფ პირებს.
მანამდე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრები გაასაჯაროვა. კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის რეანიმობილიდან იძულებით გადმოიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოს პალატაში წელზევით შიშველი შეჰყავთ. პალატაში ექსპრეზიდენტი ჩხუბობს და სამედიცინო ხელსაწყოს იატაკზე აგდებს.