ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია – არა და არასდროს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა განმარტა, ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულობის მსხვერპლის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს.
ამის მიუხედავად ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესის გამო სააკაშვილი მიჩნეული უნდა იყოს განსაკუთრებულ პატიმრად, პენიტენციურმა ადმინისტრაციამ და ხელისუფლებამ კი უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული ყურადღება მის მიმართ, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის და დესტაბილიზაციის მიზნით. ზურაბიშვილის განცხადებით, ის ამ საკითხის განხილვას მეტჯერ აღარ დაუბრუნდება.
„ ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია – არა და არასდროს.
ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულობის მსხვერპლის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლა მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას. ამის მიუხედავად და გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესის, ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად, ეს მოითხოვს პენიტენციური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას. ყველა ზომების მიღებას, რათა ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს საჭიროებს მაქსიმალურ გამჭვირვალობას და დროულ რეაგირებას ნებისმიერი დამძიმების ნიშნებისთანავე.
ამ საკითხს მე არ დავუბრუნდები”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.