პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში გაასწორა თავისივე ფრაზა, რომელიც მან გუშინწინ, 28 ოქტომბერს, ამავე ტელეარხის ეთერში თქვა.
„თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას“, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა 28 ოქტომბერს.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით , ტვ იმედის ეთერში, ის საუბრობდა შიმშილობის დეფინიციაზე, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობაში, შემდეგ საუბარი იყო თვითმკვლელობაზე და ამიტომ ნათქვამის არასწორად ინტერპრეტაცია მოხდა.
„ბუნებრივია, მე გუშინ ვსაუბრობდი შიმშილობაზე და შიმშილობის დეფინიცია განსაზღვრულია კანონმდებლობაში. ამაზე მქონდა მე საუბარი. შემდეგ საუბარი იყო თვითმკვლელობაზე და შეიძლება, ჩემი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა.
რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის, დაკავებულის უფლებაა შიმშილობის უფლება და მე ვთქვი, რომ ადამიანს და პატიმარს ვერ ავუკრძალავთ შიმშილობას. მე უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა. ალბათ, ამით ერთგვარი არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა“.- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.