პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ იმყოფება არა ქართულ, არამედ რუსულ ციხეში.
სააკაშვილის თქმით, უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამაც კი აღნიშნა ეს. მისი განცხადებით, მას ის სივრცეც დაუფარეს, საიდანაც ადვოკატებს წერილებს აწვდიდა. სააკაშვილი ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ სანამ უფლებადამცველებთან დაუბრკოლებელი ურთიერთობის შესაძლებლობა არ ექნება, უარს ამბობს შიმშილობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კვლევაზე, მკურნალობასა და რეანომობილის მომსახურებაზე.
“მე, პრაქტიკულად, ახლა ვიმყოფები არა ქართულ, არამედ რუსულ ციხეში, პერსონალსაც კი აიძულებენ რუსებივით იქცეოდნენ. დღეს შევხვდი უკრაინელ ომბუდსმენს, ლუდმილა დენისოვას, რომლის ძალიან მადლიერი ვარ. მანაც აღნიშნა, რომ თავი საქართველოში კი არა, რუსეთში ეგონა”, — წერს სააკაშვილი.
“დღეს, დილიდან, პირად ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალება სრულად ჩამეკეტა. შეხვედრის ოთახში, ჩვენ შორის არსებული, შუშის კედელი ბოლომდე ამოგვიშენეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთში დოკუმენტებს ვეღარ გავცვლით. ამასთანავე, არის ძალიან ცუდი სმენადობა. ასეთი რამ არასდროს მომხდარა საქართველოში და მით უფრო, არასდროს ევროპაში. სასამართლო და პროკურატურა რომ არ არსებობენ დიდი ხანია გავიგეთ, ახლა ადვოკატურაც გაგვიუქმეს!
დღევანდელი დღიდან მე შიმშილობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კვლევაზე, მკურნალობასა და რეანომობილის მომსახურებაზე კატეგორიულ უარს ვამბობ. ეს გაგრძელდება მანამდე, ვიდრე უფლებადამცველებთან დაუბრკოლებელი ურთიერთობის უფლება არ აღმიდგება”, — აცხადებს სააკაშვილი.
წერილი, სავარაუდოდ, გუშინ, 27 ოქტომბერსაა დაწერილი და დღეს გამოქვეყნდა, რადგან უკრაინის სახალხო დამცველი სააკაშვილთან ციხეში გუშინ იყო.