ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილება ისევ შეიზღუდა.
საოკუპაციო ძალებმა ენგურის ხიდი 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების პირველ ტურამდე ერთი დღით ადრეც ჩაკეტეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გადაადგილებაზე უკანონო შეზღუდვა 28 ოქტომბრიდან 30 ოქტომბერის ჩათვლით სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების გარდა, ყველა პირისთვის იმოქმედებს.
“მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებები ხშირად უკავშირდება სხვადასხვა გამოგონილ მიზეზებს. მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. უსაფრთხოების უზრუნველყოფას. თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”, — აცხადებს სუს.
ფოტო:რეგინფო