უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. მომხდართან დაკავშირებით შშს-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
გორდონის თქმით, მისთვის ქვეყანში არშემოშვების მიზეზი არავის განუმარტავს და მიიჩნევს, რომ მომხდარი საქართველოს მთავრობისთვის საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილია.
უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში მისი არშემოშვების ფაქტს მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს და ტელეგრამზე წერს რომ წინა დღით, საგარეო უწყებას სწორედ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის თხოვნით მიმართა.
“ერთი საათის წინ ჩავფრინდი თბილისში და მთელი ამ ხნის განმავლობაში პასპორტში ბეჭდის დასმას ველოდი. ახლახან გამომიცხადეს ოფიციალურად, რომ საქართველოში არ მიშვებენ. მიზეზები არ დაუსახელებიათ. ამას ცალსახად ვუკავშირებ იმას, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წინა დღეს საქართველოს საგარეო უწყებას მიმართა თხოვნით, მოეწყო ჩემი ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში. ყველაფერი რაც მოხდა არის საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილი საქართველოს ხელისუფლებისთვის”, — წერს გორდნონი ტელეგრამზე.
უკრაინელი ჟურნალისტის საქართველოში არშემოშვებას გამოეხმაურნენ ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე Facebook-ზე წერს, რომ გორდონთან ერთად დეპორტაციას უკეთებენ მის ცოლსაც, რომელიც, ასევე, ჟურნალისტია.