ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით,
ვაქცინაციისთვის ე.წ. ირიბი იძულების მეთოდებს არ განიხილავენ, რადგან ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია. თუმცა, ნათია თურნავა ამბობს, რომ მიესალმება კერძო ბიზნესების ინიციატივას, დააწესონ რეგულაციები ობიექტის შიგნით და უარი თქვან არავაქცინირებულების მიღებაზე.
“ზოგიერთი ევროპული ქვეყანა მიჰყვება ირიბი იძულების გზას. რესტორნებში, სასტუმროებში, შოპინგმოლებში აუცრელი ადამიანები ვეღარ შედიან, თუმცა ეს ისეთ ქვეყნებში ხდება, სადაც აცრის დონე და აცრილთა რაოდენობა არის საკმაოდ მაღალი — 60%, 70% და ეს შედარებით, ასე ვთქვათ, უმტკივნეულოდ ხდება იქ. ჩვენ, ჯერჯერობით, იძულების ზომებს არ განვიხილავთ, თუმცა მივესალმები მე პირადად ცალკეული ბიზნესების ინიციატივებს, რომ გახდნენ თვითონ, ე.წ. მწვანე სტატუსის მატარებელი და თავისი გადაწყვეტილებით, მათ აქვთ უფლება, რომ რეგულაციები თავისი ობიექტის შიგნით შემოიღონ”, — აცხადებს ნათია თურნავა.