15:30 საათის მონაცემებით, ქუთაისში ხმა 44 452-მა ამომრჩეველმა მისცა.
59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, ეს მონაცემი რეგისტრირებული ამომრჩევლის 28,89 პროცენტია.
ლალიაშვილის თქმით, ეს თითქმის ექვსი პროცენტით მეტია 2017 წლის არჩევნების მონაცემებთან.
რაც შეეხება საჩივრებს, ლალიაშვილის თქმით, საოლქოში შესული 14 საჩივრიდან, თითქმის ყველა პროცედურული ხასიათისაა.
მან ასევე ისაუბარა 124-ე უბანზე არსებულ ფაქტზე, მისი თქმით, კომისიის თავმჯდომარემ ოქმში წინასწარ შეიტანა უბნის კომისიის წევრების სახელები და გვარები, თუმცა სხვა მონაცემები არ ყოფილა. მისივე თქმით, აღნიშნული ოქმი უბნის ბათილობის საფუძველს არ იძლევა, თუმცა საკითხზე მოკვლევა დაიწყება და შესაბამისი რეაგირება მოყვება.
ენმ-ს მერობის კანდიდატ, ხატია დეკანოიძის ბრალდებაზე კი ამბობს, რომ მზადაა ყველას შეხვდეს და ამასთან აცხადებს, რომ ყველა ბრალდებას სჭირდება მტკიცებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანდოობა ეჭვქვეშ დგება.
ფოტო: ნიუპრესი