ცესკო აცხადებს, რომ ე.წ. ” სისხლიან ბანერებზე” სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტავს, რომ ადმინისტრაციამ დეტალურად მოიკვლია ბანერების თემა და დაადგინა, რომ ბანერების დამკვეთი არის ფიზიკური პირი, რომელმაც შპს “ალმას” მათი დამზადება/განთავსება შეუკვეთა. ცესკოს მტკიცებით, კერძო პირის წერილობითი პასუხებიდან ირკვევა, რომ საჩივრებში მითითებული ბანერების დამზადება/განთავსება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით არ მომხდარა.
“ჩვენი მოკვლევის თანახმად, ეს პირი, ასევე, არ წარმოადგენს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან მათ ოფიციალურ მხარდამჭერს და არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არის რეგისტრირებული. ის არ არის არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების შემომწირველი. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად (საარჩევნო კოდექსი, 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი), ჩვენს მიერ ხსენებული პირის მიერ თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში განთავსებული ბანერები არ არის მიჩნეული საარჩევნო პროგრამად, სწორედ ამიტომ ამ პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის ქუთაისში განთავსებულ ე.წ. “სისხლიან ბანერებზე”, ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ წარმოდგენილი.
ბანერების ჩამოსახსნელად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს სააგიტაციო მასალის დამზადებისა და გავრცელების წესის დარღვევის გამო, ქუთაისის საოლქო კომისიაში საჩივარი შეიტანა გაერთიანებული ოპოზოციის ქუთაისის მერობის კანდოდატმა ხატია დეკანოიძემ.
ბანერების საკითხზე ცესკოსა და აუდიტის სამსახურს შესწავლისა და რეაგირების მოთხოვნით მიმართა ISFED-მაც.
ფოტო: მთავარი არხი