სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერთან ერთად ადგილზე გაეცნო იმუნიზაციის პროცესს.
,,იმერეთში უკვე მეორე მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გავხსენით ზესტაფონში. აღნიშნული სივრცე მოგვცემს საშუალებას დღის განმავლობაში დაახლოებით 500 ადამიანი აიცრას ადგილზე. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია თანამოქალაქეებს შევუქმნათ უფრო კომფორტული გარემო იმისათვის, რომ მოვიდნენ და აცრა გაიკეთონ. როგორც კი მომართვიანობა გაიზრდება, ჩვენ გავზრდით რესურსებს და რომელ მუნიციპალიტეტშიც იქნება საჭირო ასეთი სივრცის მოწყობა, რა თქმა უნდა ადგილზე შესაბამის რეაგირებას გავაკეთებთ,” – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ზესტაფონის მეორე საჯარო სკოლაშია მოწყობილი. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს ვაქცინა რეგისტრაციის გარეშე გაიკეთოს. ამცრელი ბრიგადები დღიურად 500-მდე ადამიანის აცრას უზრუნველყოფენ.
ადგილზე მისული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია ფაიზერის, სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინებით. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეების იმუნიზაციის ცენტრამდე ტრანსპორტირებას ზესტაფონის მერია უზრუნველყოფს.
რეგიონში ამ ეტაპზე, ორი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ქუთაისსა და ზესტაფონში ფუნქციონირებს.