,,ქართულ ოცნებას” წევრები ტოვებენ.
საქართველოს სხვა ქალაქებში მოქმედი დეპუტატების მსგავსად, ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ელეონორა არჩაია მმართველი გუნდიდან მიდის. არჩაია გიორგი გახარიას გუნდში გააგრძელებს ბრძოლას. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ,,ქართულ ოცნებაში” საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა, რადგან მეტის გაკეთების საშუალება არ ეძლეოდა.
,,მე ვეღარ ვახერხებ თქვენს დახმარებას სათანადოდ. ვეღარ ვაგვარებ იმ პრობლემებს, რომლებიც თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე არ მეძლევა ამის საშუალება ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო და დავრწმუნდი, რომ ამ გუნდში აღარც მომავალში მექნება თქვენთვის მეტის გაკეთების საშუალება.
მე მივიღე გადაწყვეტილება ვიბრძოლო ღირსეული, პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად, რომელსაც ვენდობი და რომელსაც ნამდვილად აქვს ძალა ქვეყნის მომავალი შეცვალოს!
დღეიდან, ბატონი გიორგი გახარიას გუნდში მე უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ ამ ქალაქისთვის, ვიდრე ეს როდესმე გამიკეთებია, რადგან ეს არის გუნდი, რომლის მთავარი მიზანი ცვლილებებია.
მე არსად არ მივდივარ. ვრჩები თქვენთან და ვაგრძელებ ბრძოლას პარტია ,,საქართველოსთვის” სახელით. ბრძოლას უიმედობისა და სიღარიბის დასრულებისთვის და რაც მთავარია, ჩვენი უნიკალური ქალაქის განვითარებისთვის.
მე ამის საშუალება და ბერკეტი მომეცა ეხლა ისე, როგორც არასდროს.
მე თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს,’’-წერს ელეონორა არჩაია.
იმის გასარკვევად, რა უშლიდა ხელს მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაში და კონკრეტულად რა მიზეზის გამო გადადგა ეს ნაბიჯი, რადიო ,,ძველი ქალაქი” ელეონორა არჩაიას დაუკავშირდა, მაგრამ საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ელეონორა არჩაია კახიანოურის მაჟორიტარ დეპუტატად 2016 წელს აირჩიეს.
,,ქართული ოცნების’’ წევრებმა პარტია სხვა ქალაქებშიც დატოვეს. 14 აპრილს გიორგი გახარიას გუნდს საქართველოს პარლამენტის 6, ხოლო 14 ივლისს ხაშურის საკრებულოს 7 დეპუტატი შეუერთდა.