ქუთაისში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწესრიგება ამ დრომდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
ოთხი საზოგადოებრივი საპირფარეშოდან, მხოლოდ ცენტრალურ ბულვარში მდებარე ტუალეტი ფუნქციონირებს, სამი მათგანი კი ანტისანიტარიის კერადაა ქცეული.
იმის გამო, რომ წითელ ხიდთან მდებარე ტუალეტი დაკეტილია, საპირფარეშოდ მის გარე პერიმეტრს იყენებენ, რის გამოც ადგილზე გავლა ჭირს.
,,თქვენც ხომ გრძნობთ რა საშინელი მდგომარეობაა? ფილტვები აღარ გვივარგა. მოდიან ტურისტები და ცხვირზე ხელს იფარებენ, რომ როგორმე ჰაერი არ იყნოსონ. ახლა ზაფხულია და აქ გაჩერება შეუძლებელია, არადა აქვე მაღაზიაში ვმუშაობ და სად წავიდე? სირცხვილია, რომ ქალაქის ცენტრში, სადაც ამდენი ტურისტი მოძრაობს, ასეთი მდგომარეობაა,’’-ამბობს მზია ხალიჩავა.
რაც შეეხება ავტოქარხანაში, ხარებავას ქუჩის კვეთაზე მდებარე საპირფარეშოს, ის დაკეტილი არაა, მაგრამ შენობაში არსებული ანტისანიტარიის გამო მისით არ სარგებლობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ რამდენიმე წლის წინ მერიის ერთ-ერთი სამსახურის წარმომადგენელი საპირფარეშოს რეგულარულად ასუფთავებდა, მაგრამ უკვე დიდი ხანია მერიიდან სველი წერტილის მოსაწესრიგებლად არავინ მოსულა.
,,აქ მძღოლების ბოლო გაჩერებაა. გვჭირდება მოწესრიგებული სველი წერტილი, ხელის დაბანა, მაგრამ აქ თუ შეიძლება ხელ-პირი დაიბანო, არ გვგონია,’’-ამბობს ემზარ ჭოლაძე.
უფუნქციოდაა დარჩენილი ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე სველი წერტილიც.
,,აქ სასაფლაოა და ბევრი ხალხი მოძრაობს. ასეთ ადგილში ტუალეტი უნდა იყოს, რომ ხალხმა ტყე-ტყე არ ირბინოს. რაც თავი მახსოვს, ეს საპირფარეშო არ გაკეთებულა,’’-ამბობს ადგილობრივი, ვარლამ მიმინოშვილი.
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ იგეგმება სველი წერტილების აუქციონზე გატანა, რის შემდეგაც მოიჯარეებს მათი მოწესრიგება დაევალებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მერიის ეკონომიკური განვითარების ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ვალერიან სილაგაძე განმარტავს, რომ წინა წლებში საპირფარეშოების გასხვისების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, აღნიშნული თემით კერძო სექტორის დაინტერესებისთვის მერია აქტიურად მუშაობს.
,,მთავარია ის პირობები შევთავაზოთ, რაც მათთვის ხელსაყრელია და შედეგსაც მივაღწევთ. წინა წლებში არავინ დაინტერესდა, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ არავინ არასდროს დაინტერესდება? ყოფილა შემთხვევები როცა კონკრეტული მიწის ნაკვეთები არ გაიჯარებულა, მაგრამ შემდეგი მცდელობით დაინტერესდნენ,’’-აცხადებს ვალერიან სილაგაძე.
რაც შეეხება, საპირფარეშოებში და მათ გარე პერიმეტრზე არსებულ ანტისანიტარიას, ვალერიან სილაგაძის თქმით, სანამ სველი წერტილები გაიჯარდება, მათ ჰიგიენურ მდგომარეობაზე დასუფთავების სამსახური ზრუნავს, მაგრამ ა(ა)იპ სპეციალურ სერვისებში ამბობენ, რომ სველი წერტილების მოწესრიგება მათ მოვალეობაში აღარ შედის.
გამოდის, გაიჯარებმადე საპირფარეშოებს, ფაქტობრივად, პატრონი არ ჰყავს. გაურკვეველია ამჟამად ვის ევალება მათი დასუფთავება. მერიას იჯარის იმედი აქვს, თუმცა არავინ იცის როდის შეძლებს თვითმმართველობა კერძო სექტორის დაინტერესებას და სადამდე იქნება ქალაქში არსებული სამი სველი წერტილი მოუწესრიგებელი.