წყალტუბოში ,,თეთრას მღვიმე’’ გაიხსნება.
მღვიმის გახსნის იდეა წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფს ეკუთვნის და ის ევროკავშირის მიერ არის მხარდაჭერილი. ,,თეთრას მღვიმე” ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მოინახულა. ის ასევე შეხვდა იმ ადგილობრივი ინიციატივების წარმომადგენლებს, რომლებმაც ევროკავშირის დაფინანსება მიიღეს. შეხვედრაზე მათ საკუთარი ნაწარმი -პური, ღვინო, ხელნაკეთი ნივთები და სხვ. გამოფინეს.
,,ნამდვილად სასიამოვნოა იმ მღვიმეში ყოფნა, სადაც ტემპერატურა 14 გრადუსია. მღვიმე მალე გაიხსნება. ის იქნება მაგნიტი ტურისტებისთვის. ამას ხელს ისიც შეუწყობს, რომ ქუთაისის აეროპორტი ახლოსაა. შევხვდი წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფს, ნაყოფიერი იყო მათთან საუბარი. ისინი ცდილობენ შეცვალონ მათი საარსებო გარემო უკეთესობისკენ და აქვთ თავიანთი ხედვები, რაც დასაფასებელია,’’-ამბობს კარლ ჰარცელი.
წყალტუბოს ადგილობრივი განვიტარების ჯგუფი არის ღია საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც საქმიანობს როგორც, დამოუკიდებელი, არაპოლიტიკური ორგანო. ჯგუფის წევრები ოთხ თემატურ ქვეჯგუფში მუშაობენ, ესენია: ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, სოციალური საკითხები, სპორტი, კულტურა, განათლება, ახალგაზრდობა. ჯგუფმა ადგილობრივი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია მოამზადა., რომელზე დაყრდნობით საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. დაფინანსება 20-მა ინიციატივამ მიიღო.