,,ქალების უფლებისთვის’’-ასე ეწოდება პროექტს,
რომლის მიზანი ქალების გაძლიერება და თავიანთი უფლებების შესახებ ინფორმირებაა. პროექტი თვეზე მეტია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში იმერეთის მუნიციპალიტეტებში მომსახურების სფეროში დასაქმებულ ქალებს თავიანთი უფლებების შესახებ ტრენინგები ჩაუტარდათ. ტრენინგი თემა ძირითადად დასაქმებული ქალების უფლებებს ეხებოდა. პროექტის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს ეთნოტურები იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სადაც ფილმების ჩვენება ეწყობა. პირველი ეთნოტური წყალტუბოს, მეორე კი ზესტაფონის რაიონში მოეწყო. ეთნოტურები ასევე დაგეგმილია თერჯოლისა და ბაღდათის სოფლებში.
,,ხმა ამოიღე’’-ეს იმ ფილმის სახელწოდებაა, რომლის ჩვენებაც ღია ცის ქვეშ, წყალტუბოსა და ზესტაფონის სოფლებში მოეწყო. ჩვენებას პროექტის მონაწილეებთან ერთად ადგილობრივებიც ესწრებოდნენ. ფილმი იმ ქალების ისტორიებს მოგვითხრობს, რომლებიც მეუღლეების მხრიდან ხშირად იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი, ბევრმა მათგანმა ოჯახიდან წამოსვლა და ახალი ცხოვრების დაწყება მოახერხა, თუმცა იყვნენ ქალებიც, რომლებსაც ქმრებმა დაშორება არ აპატიეს და სასტიკად მოკლეს. ფილმის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა. როგორც პროექტის მონაწილეები აღნიშნავდნენ, ფილმი რეალობას ასახავს და მძიმეა მას ემოციების გარეშე უყურო.
..ამ ქალების ისტორიების გაცნობის შემდეგ თავი უმწეოდ და დათრგუნულად ვიგრძენი. ქალებს ძალიან რთულ სიტუაციაში უწევთ ცხოვრება ეს ჩვენი რეალობაა, თუმცა ფილმში ისეთი ქალების ისტორიებიც მოვისმინეთ, რომლებმაც ყველა დაბრკოლება გადალახეს, დღეს ძლიერი და შემდგარი ქალები არიან და ცდილობენ მათი მომავალი მათზე უკეთესი იყოს. ისინი უნდა გახდნენ სტიმულის მიმცემნი სხვა ქალებისთვის. ’’-ამბობს პროექტის ერთ-ერთი მონაწილე მარიამ კუხიანიძე.
,,ფილმა ძალიან კარგად გადმოსცა ის, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება და რასაც საკუთარ თავსაც ვუმალავთ. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ვარდისფერ სათვალეს იკეთებს და პრობლემის დანახვა არ უნდა. ეს იმიტომ ხდება, რომ
პრობლემის დანახვა მასში ჩარევის ვალდებულებასაც გვაკისრებს, ამ დროს კი ადამიანი შეიძლება თვითონაც დაზარალდეს. სწორედ ამიტომ გვირჩევნია ვარდისფერი სათვალე გავიკეთოთ და ჩავთვალოთ, რომ ყველაფერია კარგადაა. ამით პასუხისმგებლობას მოვიხსნით და სინდისის ქეჯნაც აღარ შეგვაწუხებს. ამ პატარა ფილმმა ნათლად დაგვანახა, რომ არ ვცხოვრობთ ისეთ დალხენილ საზოგადოებაში, როგორადაც წარმოგვიდგენია და რომ აქ ქალები უამრავი სირთულის წინაშე დგანან,’’-ამბობს თამთა კაპანაძე.
პროექტის ,,ქალების უფლებებისთვის’’ ავტორები არიან: ქრისტინე მაღლაკელიძე, ანა შალიკიანი, ნინო მუმლაძე, სალომე ლასხიშვილი. პროექტი ,,ქალთა ფონდის” მხარდაჭერით მიმდინარეობს.