სოფელ გუმათში პოლიციამ რკინის ბარიკადები აიღო.
რკინის ჯებირების დემონტაჟი 12 ივნისს მიღწეული შეთანხმების ნაწილია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას, ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებასა და ,,რიონის ხეობის მცველებს’’ შორის შედგა. უკვე 18 ივნისიდან ,,რიონის ხეობის მცველები’’ კარვებს სოფელ ნამოხვანში გადაიტანენ და პროტესტს იქ გააგრძელებენ.
“ბრძოლამ გამოიღო შედეგი და ეს მთლიანად ქართული საზოგადოებისა და იმ ხმაურის დამსახურებაა, რომელიც დიალოგის ფორმით ყოველ საღამოს ხელისუფლებასთან გვქონდა. როგორც ჩანს ხელისუფლება დიალოგის ამ ფორმამ შეაწუხა და გააცნობიერა, რომ ცივილიზებულ, ქვეყანაში ასეთი დიალოგი არ უნდა გამართოს საკუთარ მოსახლეობასთან,’’-ამბობს ,,რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი”, მაკა სულაძე.
რიონის ხეობაში რჩება პოლიცია. ამის შესახებ შსს-მ განცხადება გაავრცელა.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს,”- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
სოფელ გუმათთან პოლიციამ რკინის ჯებირები 14 აპრილს აღმართა, რის გამოც სოფელ ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდა.