ტყიბულის მერის მოადგილის ნათესავებს ბიუჯეტიდან
178 000 ლარზე მეტი მისცეს. თანხის 95 % მათ უტენდეროდ გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს. კვლევაში ნათქვამია, რომ გიორგი ლომთაძის მერის მოადგილედ დანიშვნამდე, მის ნათესავებს არც ერთ ტენდერში არ მიუღიათ მონაწილეობა. გიორგი ლომთაძის დანიშვნის შემდეგ ტყიბულის მერია მის ნათესავებს ხელშეკრულებებს ხან სამშენებლო სამუშაოებისთვის უფორმებს, ხან ავტოსატრანსპარტო მომსახურებისთვის, ხან ხის მასალის დახერხვისთვის.
“ერთი ნათესავი, 67 წლის ქალბატონი, ინდმეწარმედ 2020 წლის 14 სექტემბერს დარეგისტრირდა, ხოლო აქედან 1.5 თვეში მან ბიუჯეტიდან 59,000 ლარი უტენდეროდ მიიღო. სხვა ნათესავი ერთადერთი პრეტენდენტია სკვერის მოსაწყობად გამოცხადებულ 77,600 ლარიან ტენდერში, რომელშიც ის დიდი ალბათობით გაიმარჯვებს,”-წერია კვლევაში.
კვლევაში საუბარია გიორგი ლომთაძის დედის, მარიან ბუბაშვილის ბიძაშვილის ოჯახის წევრებზე. “ფლანგვის დეტექტორში” ამბობენ, რომ ბუბაშვილების ოჯახის ინდ.მეწარმედ რეგისტრაცია მხოლოდ და მხოლოდ ბიუჯეტიდან თანხების მიღებას ემსახურება და სამეწარმეო გამოცდილება მათ არ გააჩნიათ.