ქუთაისის მერის მოადგილის, იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორის
კომპანია ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტენდერებს იგებს. თავად იუზა უგულავა კი 2019 წლიდან ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიას. ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში” აცხადებენ, რაშიც მიკერძოების ფაქტებს ხედავენ.
მათს კვლევაში ნათქვამია, რომ 2019-2021 წლებში გაიმარჯვა ქუთაისის მერიის მიერ აუქციონის გარეშე გამოცხადებულ 5 ელექტრონულ ტენდერში შპს “ლიკო-1”-მა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 294,545 ლარი შეადგინა. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორია ზაალ ხიდაშელია და ის ქუთაისის მერის მოადგილის, იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორია. იუზა უგულავა და ზაალ ხიდაშელი ფლობენ 50-50%-იან წილებს შპს “იუკოში”, რომლის დირექტორიც ასევე ხიდაშელია.
2019 წელს კომპანიამ 114,220 ლარის ტენდერი მოიგო, 2020 წელს – 16,000 ლარის, ხოლო 2021 წლის 5 მარტს კომპანიასთან 164,325 ლარზე გაფორმდა ხელშეკრულება. ხუთი ტენდერიდან ოთხ შემთხვევაში შპს “ლიკო-1”-ს კონკურენტი არ ჰყოლია. კომპანიას ქუთაისის სკვერებისთვის ძელსკამები უნდა დაემზადებინა და დაემონტაჟებინა.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კანონის მიხედვით, იუზა უგულავა ვალდებული იყო, განეცხადებინა ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ და უნდა შეეწყვიტა შესყიდვების განხილვის პროცესში მონაწილეობა. ორგანიზაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს მიმართავს, რომ შეისწავლონ ქუთაისის მერიის ტენდერებში შპს “ლიკო-1”-ის გამარჯვების კანონიერების საკითხი.