მოქალაქეებმა, რომლებსაც 14 აპრილს ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო

აქციაზე, მოძრაობის შეზღუდვის გამო საპატრულო პოლიციამ ჯარიმები დაუწერა, დაკისრებული ჯარიმები გაასაჩივრეს. ავტომსვლელობის ორგანიზატორმა და უფლებადამცველმა, ლაშა მესხმა საპატრულო პოლიციაში დღეს 50-მდე ადამიანის საჩივარი შეიტანა. მოქალაქეების დაჯარიმებას ის გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმად აფასებს და ამბობს, რომ ამ გზით ხელისუფლება პროტესტის ჩახშობას ცდილობს.

 

,,14-ში მოედანი რომ გადავკეტეთ, საპატრულო პოლიციამ ყველა ავტომობილის ნომერი ჩაიწერა და მესაკუთრეებს 200-ლარიანი ჯარიმები დაუწერა. ჯარიმები უკანონოა. ადვოკატი ლევან ჭელიძე უფასოდ დაეხმარა დაჯარიმებულ ადამიანებს. დღეს საჩივრები მოვამზადეთ, შემდეგ ეტაპი სასამართლო იქნება. ჩვენ ამ პროცესს ბოლომდე მივყვებით, რადგან გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში ხელშეუხებელია,’’-ამბობს ლაშა მესხი.

14 აპრილს სამოქალაქო აქტივისტებმა ნამოხვანჰესის მშენებლობა და სოფელ გუმათში რკინის ბარიკადების აღმართვა გააპროტესტეს. ისინი კოლონებით გუმათჰესისკენ მიემგზავრებოდნენ, მაგრამ რადგან პოლიციამ ქუთაისის გასასვლელი ჩაკეტა, მათ აქცია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამართეს. აქციის მონაწილეებმა მოედანი გადაკეტეს, რის გამოც მოძრაობა შეიზღუდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *