შეთანხმების დოკუმენტს, რომელსაც ხელი ,,ქართულმა ოცნებამ” და

ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სრულად არ იზიარებს ,,ნაციონალური მოძრაობა’’ და ,,ევროპული საქართველო’’. მათ ხელი ამ დრომდე არ მოუწერიათ. ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტთან დაკავშირებით ჩვენ ქუთაისში ,,ევროპული საქართველოსა’’ და ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლებს ვესაუბრეთ. პოლიტიკოსებმა იმ ხარვეზებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მათი შეფასებით, ამ დოკუმენტში შეინიშნება.

,,ევროპული საქართველოს’’ წევრი ამირან ძოწენიძე მიიჩნევს, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხის თვითმმართველობის არჩევნებთან მიბმა არალოგიკურია, რადგან თვითმმართველობის არჩევნები შარშანდელ არჩევნებთან  კავშირში არაა და ის სულ სხვა რეალობას ასახავს.

,,განა არ შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველ გუნდის დეპუტატს იმ ადამიანმა მისცეს ხმა, რომელიც თვლის, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა? იქნებ ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარს თვლიდეს ის ადამიანი პიროვნებად, ვინც მის ადგილობრივ პრობლემებს მოაგვარებს? ან პირიქით, არ თვლიდეს , რომ გაყალბდა, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა მაიც ოპოზიციას მისცეს?-სვამს კითხვას ამირან ძოწენიძე.

მისივე თქმით, ნიკა მელიას ციხიდან იმ მოტივით გამოშვება, რომ დოკუმენტს ხელი მოეწეროს, არასწორია და რეჟიმის ძალმომრეობას ახალისებს.

,,თუ ამას ხელი მოაწერეს, ეს ნიშნავს, რომ როცა მოუნდებათ დაიჭერენ ოპოზიციის ლიდერებს, მერე თავისუფლების სანაცვლოდ მოსთხოვენ, რომ ყველაფერს შეეგუონ. ეს ძალადობის მაპროვოცირებელია. ეს დოკუმენტი ის არ არის, რის გამოც ექვსი თვეა ვიბრძვით. ეს არ არის კრიზისის დაძლევის გზა. ოპოზიციის ლიდერებს მეტი სიმტკიცე რომ გამოეჩინათ, მივიღებდით ბევრად უფრო დახვეწილ დოკუმენტს, რომლის მეშვეობითაც მმართველი ძალა მშვიდობიანად შეიცვლებოდა, რა თქმა უნდა არჩევნების მეშვეობით,’’-ამბობს ამირან ძოწენიძე.

ოპოზიციის მხრიდან დოკუმენტისთვის ხელის მოწერას ნაჩქარევად მიიჩნევს ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრი გიგა შუშანიაც. ის აცხადებს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა’’ აღნიშნულ დოკუმენტს ხელს მანამ არ მოაწერს, სანამ ნიკა მელიას უპირობოდ არ გაათავისუფლებენ. რიგგარეშე არჩევნების თვითმმართველობის არჩევნებთან მიბმა მისთვისაც მიუღებელია და ამბობს, რომ ეს დოკუმენტი ვერაფერს ცვლის, მაგრამ მასთან შეგუება საზოგადოებას მოუწევს.

,,მიუღებელია ისიც, რომ ამნისტია შეეხოს 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ სამართალდამცველებს. ადამიანების დათხრილი თვალები და დასახიჩრებული ჟურნალისტები დეპუტატების სკამებში არ უნდა გაიცვალოს,- ’’ამბობს გიგა შუშანია.

,,ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციის ნაწილმა ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი 19 აპრილს მოაწერეს. დოკუმენტს ხელს აწერენ: ქართული ოცნება, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, ორივე გირჩი, მოქალაქეები, რესპუბლიკური პარტია. ასევე, წინადადებას ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა, ამავე პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ, ევროპული საქართველოს ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, ამავე პარტიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ.
გარდა ამისა, დოკუმენტს აქვს გახარიას გუნდის, ასევე, პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესული დეპუტატების, აწ უკვე ევროპელი სოციალისტების ხელმოწერა.

დოკუმენტი ხუთპუნქტიანია, მისი ერთი ნაწილი საარჩევნო რეფორმას ეხება. კერძოდ, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება 2022 წელს, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებ პროპორციულ ხმას აიღებს. დოკუმენტში საუბარია დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებაზეც. ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში, იგულისხმება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეები, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება.
დოკუმენტი მოიცავს სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებასა და მომავალ არჩევნებსაც.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *