გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა
დამძიმდა. როგორც დაკავებულის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საპატიმროში ცუდად გახდა და წაიქცა, რის შემდეგაც ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადვოკატის ინფორმაციით, წულაია წონაში დაკლებულია, შიმშილობს და მედიკამენტებს არ იღებს, რის გამოც, შესაძლოა, კომაში ნებისმიერ დროს ჩავარდეს.
დაკავებულის შვილი, თემურ წულაია სოციალურ ქსელში წერს, რომ გოგი წულაია უსამართლობას ეწირება. ის სახალხო დამცველს მამის პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულებას სთხოვს.
“ყველაფერი ნათელია, დაიჭირეთ და ეწირება უსამართლობას, მაგრამ სიკვდილით მაინც ნუ მომიკლავთ მამას.
აქვე მინდა ვთხოვო სახალხო დამცველ ქ-ნ ნინო ლომჯარიას, მოინახულოს ამჟამად N18 პენიტენციურ ჰოსპიტალში მყოფი მამაჩემი და მოისმინოს მისი აზრი. იქნებ რისთვის შიმშილობს 13 დღეა პოლიტიკოსი გოგი წულაია, რომელმაც რამდენიმე თვის უკან ძალიან მძიმე გულის ოპერაცია გადაიტანა და შეიძლება ნებისმიერ წამს კომაში ჩავარდეს,”-წერს თემურ წულაია.
წულაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ნაქირავებ ბინაში გ.წ.-მ ალკოჰოლური სასმელი დალია, რის შემდეგაც ღამის საათებში ა.დ.-სთან, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. ა.დ.-მ მას წინააღმდეგობა გაუწია და მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. მიუხედავად ამისა, გ.წ.-მ შებოჭა იგი და ძალადობით მისი ნების საწინააღმდეგოდ, ა.დ.-ს მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა,”-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.