გოგი წულაია მერვე დღეა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
შიმშილობს. დაკავების ადვოკატი ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა, ნებისმიერ დროს კომაში ჩავარდეს. მისივე განმარტებით, წულაია, რომელმაც გულის ოპერაცია გადაიტანა, არც საკვებს და არც მედიკამენტებს არ იღებს.
“ძალიან გამხდარია, დასუსტებულია. ექიმის რეკომენდაციის მიხედვით, მას ერთი დღეც კი არ აქვს უფლება, რომ საჭმელი და წამალი არ მიიღოს. აქვს ორი დაავადება ძალიან მძიმე ფორმით. ერთი შაქრიანი დიაბეტი და მეორე ოპერაციის შემდეგ შეხორცებითი პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. ექიმის მეთვალყურეობა, მედიკამენტები და კვება მისთვის არის აუცილებელი, როდესაც ამას არ აკეთებს, მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის, ყოველ წუთს მოსალოდნელია კომაში ჩავარდნა,”-განაცხადა ადვოკატმა.
ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ მან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციასა და მთავარ ექიმს მიმართა, რომ მიიღონ ზომები, რათა გოგი წულაია საკანში უმეთვალყურეოდ არ დარჩეს.
ადვოკატი ამბობს, რომ გოგი წულაია თავს ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად მიიჩნევს და მისი დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც მან ბერა ივანიშვილის მისამართით ტელევიზიით უცენზურო სიტყვები გამოიყენა.
გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.