აღკვეთის ღონისძიებით სახით გოგი წულაიას ორთვიანი
პატიმრობა შეეფარდა. შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რისთვისაც სასამართლოს გუშინ მიმართა. დაცვის მხარე კი გირაოს ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
გოგი წულაიას სასამართლო პროცესი დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.
“სასამართლომ აბსოლუტურად კანონიერად და სამართლიანად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიციები. მან მიიჩნია, რომ არსებობს ბრალდებულის მხრიდან შესაძლო ახალი დანაშაულის საფრთხე. ასევე დაზარალებულზე ზემოქმედების საფრთხე. ერთადერთი ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფს ამ საფრთხეების არიდებას, იყო პატიმრობა,”-განაცხადა საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.
წულაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ნაქირავებ ბინაში გ.წ.-მ ალკოჰოლური სასმელი დალია, რის შემდეგაც ღამის საათებში ა.დ.-სთან, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. ა.დ.-მ მას წინააღმდეგობა გაუწია და მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. მიუხედავად ამისა, გ.წ.-მ შებოჭა იგი და ძალადობით მისი ნების საწინააღმდეგოდ, ა.დ.-ს მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა,”-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულის უფლებადამცველის თქმით, ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და საქმეზე ბევრი კითხვა არსებობს.