ქუთაისის მხატვართა რეგიონალურ ორგანიზაციაში ქალთა დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.

ღონისძიებაზე 20 მხატვარი ქალის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე არაერთხელ აღინიშნა, რომ ქალები ისევე როგორც სხვა სფეროებში, სახვითი ხელოვნების დარგშიც ღირებულ ნამუშევრებს ქმნიან. ღონისძიებაზე ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძეც იმყოფებოდნენ.

 

,,საოცრად ფაქიზი ნამუშევრებია.. მანდილოსნის ნახატებში სულ სხვა სული და ფსიქოლოგია იგრძნობა,’ ’-აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.

ეთო გოგელიძე ერთ-ერთია იმ მხატვარ ქალთაგან, რომლის ნამუშევრებიც გალერეა ,,ვარლას’’ კედლებზეა გამოფენილი. როგორც ამბობს, ბედნიერია, როცა მისი შემოქმედების საშუალებით დამთვალიერებელს მის სულსა და ემოციებს აცნობს. ეთოს თქმით,  ემოცია გულწრფელია და რასაც გრძნობს, ყოველთვის შეულამაზებლად გადმოსცემს. მისი ერთ-ერთი ნამუშევარი გაზაფხულის თემატიკას ეხება. აყვავებული ბუნების წიაღში მყოფი წითელკაბიანი გოგოს სურათი ბედნიერების და თავისუფლების შეგრძნებას იძლევა.  მხატვარმა ის დიდი სიყვარულით და მონდომებით შექმნა და როგორც ამბობს, მასში საკუთარ თავს ხედავს.

,,გაზაფხული სიფერადესთან, სილაღესთან, თავისუფლებასთან ასოცირდება. ამ ნახატში თავისუფლება იგრძნობა. რასაც მთელი გულით განვიცდიდი, ის გადმოვეცი,’’-ამბობს ეთო გოგელიძე.

ეთოს მსგავსად თავისი ბუნებრივი ემოციები გადმოსცა თეა სულაბერიძემაც. წლების წინ მეგობრებთან ერთად დადგმული ქორეოგრაფიული ნომერი მხატვრის მეხსიერებაში  იმდენად ჩაიბეჭდა, რომ ერთ დღესაც, როცა მუზა ეწვია, დიდი ხნის წინ განცდილი ბედნიერი წუთები მის ნამუშევარში გააცოცხლა.  დღეს როცა თავის შემოქმედების ნიმუშს ხედავს,  ისევ ის მხიარული მომენტი აგონდება და გული სიხარულით ევსება.

,,იმდენად კარგი და სახალისო მომენტი იყო, არ შემეძლო არ გამეცოცხლებინა. ეს ცეკვა დიდი წვალებით დავდგით, შემდეგ ამ ამბავს ვიხსენებდით და უცებ გადავწყვიტე ეს პროცესი ტილოზე გადმომეტანა,’’-ამბობს თეა სულაბერიძე.

ღონისძიებაზე ასევე ერთი კედელი იმ 12 მხატვარს აქვს დათმობილი, რომლებიც თიანეთში, დაბა სიონში იმყოფებოდნენ და იქ მიღებული შთაბეჭდილებები თავიანთ ნამუშევრებში გადმოიტანეს. მათი ნამუშევრები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *