,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკანონოს უწოდებენ და ამბობენ,

რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი მოქმედებს. როგორც ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, გიგა შუშანია ამბობს, ნიკა მელიას დაკავება აგონიაში მყოფი ხელისუფლების უსამართლო ქმედება იყო, რომელსაც შესაბამისი რეაგირება აუცილებლად მოჰყვება.

 

,,ქართულმა ოცნებამ’’ დაიწყო გავრილოვის ღამით და დაასრულა როდიონოვის დილით. შემთხვევითი არაა,  რომ ნიკა მელიას დაკავება საბჭოთა არმის დღეს დაემთხვა.  100 წლის შემდეგ ჩვენ ისევ ბოლშევიზმთან ბრძოლა გვიწევს. დღეს სახეცვლილი ბოლშევიკები თავისუფლების წინააღმდეგ იბრძვიან და ჩვენი ვალია დავიცვათ თავისუფლება. გავმართავთ აქციას. არავინ დაუშვებს, რომ  ორჯონიკიძეების, როდიონოვების კარიკატურებმა საბჭოთა კავშირში დაგვაბრუნონ,’’-აცხადებს გიგა შუშანია.

ძალადობად და უკანონობად აფასებს ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის დაკავებას პარტია ,,თავისუფალი საქართველოს თანათავმჯდომარე, გოგი წულაიაც.

,,დიდ უგუნურებად შევაფასებდი ხელისუფლების ქმედებას. აქამდე შეეძლოთ, რომ სხვა ფორმით ორი თვით მაინც შეენარჩუნებინათ ხელისუფლება. ახლა თავიანთი ქმედებით თავად დაიახლოვეს თავიანთი პოლიტიკური სიკვდილი,’’-განაცხადა გოგი წულაიამ.

დემოკრატიასთან და თავისუფლებასთან ბრძოლად აფასებს მომხდარ ფაქტს ,,ევროპული საქართველოს” წევრი, ამირან ძოწენიძე. მისი თქმით, დემოკრატიის არსი ისაა, რომ იმის ატანა შეძლო, ვინც არ მოგწონს, ნიკა მელიას დაკავება კი ავტორიტარული რეჟიმის საფუძველს ქმნის.

,,ეს პროცესი თავიდან ბოლომდე სამარცხვინო და საქართველოს აწმყოს და მომავლის ო. ,,ქართული ოცნება”მოსვლის დღიდანვე აღვივებს დაპირისპირებას პოლიტიკური, რელიგიური თუ ეთნიკური განსხვავებულობის ნიადაგზე. დაძაბულობის შექმნა მისთვის ბუნებრივი გარემოა,  რომ შემდეგ ქვეყანის ძარცვა გაუადვილდეთ. უკვე წლებია ნეხვში ვიმყოფებით,’’-ამბობს ამირან ძოწენიძე.

,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია გამთენიისას დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *