თბილისში დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას სხვადასხვა
ქალაქებიდან უერთდებიან, მათ შორის ქუთაისიდან. დედაქალაქში ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები დღეს დილით მიკროავტობუსებით გაემგზავრნენ. მათ სხვა მსურველებიც შეუერთდნენ.
“ხელისუფლებამ დღეს გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი. სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანა მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისში. ძალისმიერი მეთოდებით მოახდინეს ნიკა მელიას უკანონო დაპატიმრება. ამ ყველაფრის გასაპროტესტებლად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევუერთდეთ თბილისში დაგეგმილ აქციას. ეს პროცესები მოულოდნელად განვითარდა,”-ამბობს ენმ-ის ახალგაზრდული ფრთის წევრი, თედო მესხი.
ოპოზიცია ნიკა მელიას დაკავებას სამარცხვინო პროცესს უწოდებს და ხელისუფლებას პოლიტიკური კრიზისის გამოწვევაში ადანაშაულებს.
საპროტესტო აქცია დღეს, 15:00 საათზეა დაგეგმილი. არსებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე უკვე შეინიშნება სამართალდამცველების მობილიზება.
ნიკა მელია დღეს დააკავეს. სპეცოპერაცია ენმ-ის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო, რა დროსაც შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე