პარტია ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს’’ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.
მან ამის შესახებ წერილი გამოაქვეყნა. რას ფიქრობენ ივანიშვილის მეორედ წასვლაზე ოპოზიციაში, მოსაზრებები რადიო “ძველ ქალაქში” სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს.
,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრი, გიგა შუშანია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეკომომიკურ კრიზისს და საერთაშორისო სანქციებს უკავშირებს. მისი თქმით, ამით მმართველი პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ პასუხისმგებლობა თავიდან აიცილა და მთელი ვალდებულება ,,უფუნქციო’’ გუნდს გადააბარა.
,,ივანიშვილი მუდმივად ახალ-ახალ ტრიუკებს გვთავაზობს. როგორც თაღლითს სჩვევია, ის მხოლოდ საკუთარი ქონების გაზრდაზე ფიქრობს და თავისი ამომრჩეველი და ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა არ აინტერესებს,’’-აღნიშნა გიგა შუშანიამ.
დასავლეთის სანქციებს უკავშირებს ბიძინა ივანიშვილის წასვლას ,,სტრატეგია აღმაშენებლის’’ ერთ-ერთი დამფუძნებელი გია თევდორაძე. მისი თქმით, თუ დასავლელი პარტნიორები საჯარო გამოსვლებში ძალიან დიპლომატიურები არიან, კულუარებში საკმაოდ პირდაპირ მოთხოვნებს აყენებენ, დასავლეთის წნეხს კი ივანიშვილმა თავი აარიდა. თუმცა, როგორც გია თევდორაძე ამბობს, ამით ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება არ შემცირებულა და ის ისევ არაფორმალურ მმართველად რჩება.
,,ხალხური გამოთქმა რომ ვიხმაროთ, ეს არის ,,ჭორ-ეშმაკური” სვლა. რა აზრი აქვს მის ფორმალურ წასვლას თუ მთავრობამ ყველა გადაწყვეტილება მასთან უნდა შეათანხმოს? ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გააწბილა თავისი ამომრჩეველი, მან 2030 წლამდე პოლიტიკური ურყეობის დაპირება დადო, რაც არ შეასრულა. ბიზნესიდან მოყოლებული ის ცნობილი გადამგდებია,’’-ამბობს გია თევდორაძე.
ფორმალობად მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლას ,,ევროპული საქართველოს’’ წევრი, ამირან ძოწენიძე. მისი თქმით, ,,არაფორმალურ მმართველს ფორმალური თანამდებობა არ სჭირდება’’ და ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება სხვა არაფერია თუ არა პასუხისმგებლობის მმართველ გუნდზე გადაბარება.
,,ეს საკენკი ივანიშვილმა იმას დაუყაროს, ვისაც ატყუებდა. სინამდვილეში, ის არსად წასულა,’’- განაცხადა ამირან ძოწენიძემ.
იმავე აზრს იზიარებს პარტია ,,თავისუფალი საქართველოს’’ თანათავმჯდომარე გოგი წულაია.
“ბიძინა ივანიშვილი იმ ტრიუკს ატარებს, რაც ერთხელ ჩაგვიტარა, როცა პოლიტიკიდან წავიდა და გვითხრა, რომ კარგი გუნდი დატოვა. ერთხელ მოგვატყუა, ქართველი ხალხი სულელი არ არის, რომ მისი ტყუილი მეორედ დაიჯეროს,’’-აღნიშნა გოგი წულაიამ.
განსხვავებული მოსაზრება აქცვს ,,ქართული ოცნების’’ მაჟორიტარ დეპუტატს ქუთაისიდან, ზაზა ლომინაძეს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გასაგებად განმარტა რატომ მიდის პოლტიკიდან.
,,ის წლებია პოლიტიკაშია და საქართველოსთვის უამრავი რამ გააკეთა. 65 წლის ხდება და გადაწყვიტა თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს, თუმცა ისევ გააგრძელებს ქველმოქმედებას,’’-მიიჩნევს ზაზა ლომინაძე.
ბიძინა ივანიშვილმა პარტიის თავჯდომარის თანამდებობა 2013 წელსაც დატოვა. მაშინ პარტიის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავა. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში 2018 წელს დაბრუნდა. ამჟამად პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ირაკლი კობახიძე დაიკავებს.