გრიგოლ ვაშაძემ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
დატოვა. მან განცხადება სოციალური ქსელში გამოაქვეყნა. ვაშაძის თქმით, ის არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას.
“პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მე არ შემიძლია ვიყო იქ, სადაც ვერ ვხედავ შეცდომებზე სწავლის შესაძლებლობას და სურვილს,”-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ენმ-ის ქუთაისის ორგანიზაციის წევრის გიგა შუშანიას თქმით, პარტია ცოცხალი ორგანიზმია და აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივი პროცესია.
“განსაკუთრებულია მისი წვლილი ქუთაისთან მიმართებაში, როდესაც მან ყველაზე რთულ პერიოდში გაიზიარა ჩვენი თხოვნა და დათანხმდა ქუთაისის მერობისათვის ბრძოლას და შემდგომშიც მისი პოლიტიკური მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ქუთაისს დაუთმო. კანონპროექტის “ქუთაისის განსაკუთრებული სტატუსის” შესახებ მომზადება და პარლამენტში დარეგისტრირება, ასევე ქუთაისთან დაკავშირებული სხვა ინიციატივების ლობირება, ჩვენი ქალაქისადმი მის დამოკიდებულებაზე მეტყველებს. მადლობა მას ქვეყნისთვის, ქუთაისისთვის და პარტიისთვის გაწეული სამსახურისთვის,”-ამბობს გიგა შუშანია.
2020 წლის არჩევნებზე გრიგოლ ვაშაძე კენჭს ქუთაისის მაჟორიტარად იყრიდა. 2017 წელს იყო ქუთაისის მერობის კანდიდატი.