ქუთაისში სტუდენტები სამგზავრო ღირებულებაზე 50%-იან შეღავათს ითხოვენ.

ამ თემასთან დაკავშირებით მათ მერიის წინ აქცია გამართეს. აქციას ,,ახალგაზრდა ლეიბორისტებიც” შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტზე გადასვლა სტუდენტებისთვის სამგზავრო ღირებულების განახევრების საშუალებას იძლევა.

 

,,დღის განმავლობაში სტუდენტებს კორპუსებს შორის ტრანსპორტით გადაადგილება გვიწევს, რაც ძალიან ძვირი გვიჯდება. გვინდა თბილისში და ბათუმში მცხოვრები სტუდენტების მსგავსად 50%იანი შეღავათით ვიმგზავროთ. ქუთაისში უამრავი ჩამოსული სტუდენტია, რომლებსაც დიდი ხარჯი აქვთ და განახევრებული ტარიფი დიდი შეღავათი იქნება მათთვის’’,-ამბობს სტუდენტი, იანა ჯანელიძე.

,, ერთი წლის წინ მერიაში ინიციატივა შევიტანეთ, რომ სტუდენტებს მუნიციპალურ ტრანსპორტში განახევრებული ტარიფით ემგზავრათ. მაშინ გვითხრეს, რომ სანამ სატრანსპორო კომპანია არ შეიქმნებოდა, მანამდე ვერაფერს დაგვპირდებოდნენ. როცა კომპანია შეიქმნა,  მისი ხელმძღვანელი შეგვხვდა და გვითხრა, რომ  ტრანსპორტის შემოსვლიდან ერთ კვირაში ამ თემის განხილვას დაიწყებდა. ერთი კვირა გავიდა და დროა საკითხი განვიხილოთ. ბათუმში და თბილისში სტუდენტებს სამგზავრო ღირებულებაზე 50%-იანი შეღავათი აქვთ, ქუთაისელი სტუდენტები რატომ უნდა დაიჩაგრონ?,-ამბობს ,,ახალგაზრდა ლეიბორისტების” ხელმძღვანელი გაგი ახალაძე.

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ სტუდენტების შეღავათთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს.

,,არ გამიგია, რომ სტუდენტების 50%-იანი ფასდაკლების ინიციატორი იყოს მერია. ამ ინიციატივით მივმართავთ მერიას და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს საკრებულო, წინასწარ ვერაფერს გეტყვით,’’-აცხადებს სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი, გიორგი გიორგობიანი.

ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანის პროცესი დაიწყო. მერიამ პირველ ეტაპზე 10 ახალი ავტობუსი შემოიყვანა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *