“რაიმე წუხილი ამასთან დაკავშირებით გადაჭარბებულია”-აღნიშნული
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ნამოხვანჰესის მშენებლობაზე განაცხადა. თურნავა ამბობს, რომ კომპანიის აქტიურობითა და მთავრობის მედიაციით პროცესი მშვიდობიანად დალაგდება.
“პროექტი არის ძალიან კარგად გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით. სერიოზული განხილვები იყო გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით. ნებართვა არის გაცემული. ის ფაქტი რომ ნებართვაში არის გარკვეული პირობები ჩადებული, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ხელისუფლება ძალიან დიდი პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით ვეკიდებით მსგავსი პროექტების უსაფრთხოების თემას, ამიტომ ინვესტორი ვალდებულია, თითოეულ ეტაპზე ცალკე მოიპოვოს ჩვენგან თანხმობა მხოლოდ და მხოლოდ სერიოზული დასაბუთების შემდეგ. ჩვენ მკაცრ მონიტორინგს ვეწევით,”-განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, ინვესტორი მოსახლეობასთან აქტიურად მუშაობს და შეთანხმებულად ჩატარდა მიწების გამოსყიდვა და კომპენსაციების დარიგება. ასევე პიკზე პროექტი დაასაქმებს 2 000-მდე ადგილობრივს.
კიდევ ერთი საპროტესტო აქცია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან დღეს გაიმართა. რიონის ხეობის მოსახლეობა ჰესების მშენებლობას აპროტესტებდა და იმერეთის გუბერნატორთან შეხვედრას მოითხოვდა.