საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ
დღეებში დაახლოებით 1941 საჩივარი შევიდა. მათ შორის 1272 საჩივარი საარჩევნო სუბიექტებმა, 564 კი სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა წარადგინეს. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები – საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას.
“საჩივრების უმეტესობა საოლქო საარჩევნო კომისიებში პროცედურების დარღვევით იყო წარდგენილი, რის გამოც საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი 901 საჩივარი, ხოლო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრებიდან 126 შესწავლის შემდეგ, სამართლებრივი შეუსაბამობის გამო განუხილველი დარჩა. მაგალითად, ხშირი იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა და საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას პარტიის სახელით საჩივრის წარდგენაზე არაუფლებამოსილი პირი ითხოვდა. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ამგვარი მოთხოვნებით საჩივრები წარადგინეს სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა, მაშინ, როცა მათ არ გააჩნდათ სადამკვირვებლო ორგანიზაციების სახელით საჩივრის შეტანის უფლებამოსილება,”-ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.