ქუთაისში, #102 საარჩევნო უბანში, მცირე ფართის გამო
დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება. როგორც #102 უბნის კომისიის თავმჯდომარემ, ხვიჩა ახვლედიანმა რადიო,, ძველ ქალაქთან” საუბარში განაცხადა, შედარებით დიდი სივრცის გამოყოფის თაობაზე კომისიამ #59 საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა, მაგრამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
,,დავწერე განცხადება, რომ ეს სივრცე კოვიდის პირობებში არ იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ ყველა რეგულაცია დაგვეცვა, გითხრეს მეორე ტურში უფრო დიდ ფართს გამოგიყოფთო, დღეს კი ასეთ პირობებში ვმუშაობთ,” – ამბობს ხვიჩა ახვლედიანი.
59-ე საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მოადგილის, გელა თუთბერიძის განცხადებით, დიდი ფართის გამოყოფა სხვა ალტერნატიული ფართის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა. მისი თქმით, კომერციული ფართის დაქირავება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რის საშუალებაც კომისიას არ აქვს.
,,ქუთაისის 102-ე უბანზე ფართი 350 ლარად ვიქირავეთ, დიდი ფართის შემთხვევაში 1000 ლარზე მეტი დაგვიჯდებოდა. გეთახმებით, რომ პანდემიის პირობებში ამის გამო პრობლემები იქმნება, მაგრამ პრობლემა დაძლევადია. ჩვენი დამკვირვებლები და კომისიის წევრები კარგად დატრენინგებულები არიან”,- ამბობს გელა თუთბერიძე.