,, ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის გასხვისებასთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებაში ბევრი ბუნდოვანი გარემოებაა,”
– ამის შესახებ ,,ლეიბორისტული პარტიის’’ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კიკვაძემ განაცხადა. როგორც მერობის კანდიდატი განმარტავს, აღნიშნული ობიექტი მერიამ 20 წლის ვადით კერძო პირზე გაასხვისა, მაგრამ ხელშეკრულებაში არსად წერია როდის უნდა დაიწყოს ობიექტის მოწესრიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მიწისქვეშა გადასასვლელი შეიძლება რამდენიმე წელი იყოს მოუწესრიგებელი.
,, მეათე წელს რომ დაიწყოს კერძო პირმა ობიექტის რეკონსტრუქცია, ხელშეკრულება ისეა დადებული, რომ ვერავინ შეედავება. მიწისქვეშა გადასასვლელი 22 ივნისს გასხვისდა და დღემდე ის მდგომარეობაა, რაც წლების წინ. ეს აჩენს ეჭვს, რომ ობიექტის გასხვისებით მერიამ მასზე პასუხისმგებლობა მოიხსნა. ამ გადასასვლელს უსაფრთხოების ფუნქცია აქვს და ამდენი წელი მოუწესრიგებელი არ უნდა იყოს. გარდა ამისა, სირცხვილია, რომ მიწისქვეშა გადასასვლელების სახით პირდაპირი მნიშვნელობით საპირფარეშოს ვიღებთ,” -აღნიშნა ირაკლი კიკვაძემ.
ქუთაისის მერად მისი არჩევის შემთხვევაში ირაკლი კიკვაძე ქუთაისის მცხოვრებლებს მიწისქვეშა ობიექტების მოწესრიგებას და ქალაქის ინფრასტრუქტურული მოწყობის საკითხის გადახედვას ჰპირდება.
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ირაკლი კიკვაძის ბრალდებებზე კომენტარს არ გააკეთებენ.