,, ლეიბორისტულმა პარტიამ” მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები წარადგინა.

ქუთაისის მერობისთვის ირაკლი კიკვაძე იბრძოლებს. მერობის კანდიდატი ამომრჩეველს თვითმმართველობის ფუნდამენტურ რეფორმას, ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებულ გარემოსა და მეტ ეკონომიკურ კეთილდღეობას ჰპირდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პარტიებმა გაითვალისწინონ, რომ შუალედურ არჩევნებში კანდიდატებს მხოლოდ ერთი წლის ვადით ირჩევენ, რათა არარეალური დაპირებებით ამომრჩეველი შეცდომაში არ შეიყვანონ.

,, ჩვენ საზოგადოებას ნამდვილად რეალურ და განხორციელებად გეგმებს ვთავაზობთ. ჩვენი მიზანი ქუთაისში გაორმაგებული სოციალური და გასამმაგებული საგანმანათლებლო პროგრებია. ქალაქში შემოვა მუნიციპალური ტრანსპორტი და სტუდენტები და მოსწავლეები მგზავრობისას 50%-იანი შეღავათით ისარგებლებენ. მოხდება მმართველობის დეცენტრალიზაცია, ადგილობრივი ქონება გადმოეცემა ქუთაისს, ინვესტორებთან მოლაპარაკებები ადგილობრივ დონეზე დაიწყება. ასევე ქუთაისელების გადასახადების დიდი ნაწილი შემოვა ადგილობრივ ბიუჯეტში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას. ჩვენ ასევე დავიწყებთ საჯარო სამსახურში ხელოვნურად გაბერილი შტატების შემცირებას, მხოლოდ იმ ხალხს დავტოვებთ, ვინც რეალურად საჭიროა და დაზოგილი თანხები სოციალურ და საგანმანათლებლო პროგრამებს მოხმარდება, ეს არის გზა იმისთვის, რომ ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, დამოუკიდებელ, განვითარებაზე ორიენტირებულ ქალაქში” – ამბობს ირაკლი კიკვაძე.

ირაკლი კიკვაძე ,,ლეიბორისტული პარტიის” წევრია. განათლებით ის სამხედრო მომზადებისა და ფიზიკური აღზრდის სპეციალისტია. 2015-დან 2018 წლამდე ადგილობრივ თვითმმართველობაში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განყოფილების მთავარ სპეციალისტად მუშაობდა.

ირაკლი კიკვაძე მერობის კანდიდატად 2014 წელსაც წარადგინეს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მან კენჭი ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად იყარა.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *