წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა, სოფელ ნამოხვანთან კაშხლის მშენებლობის მიზნით წარმოებულ აფეთქებით სამუშაოებს აპროტესტებს.

როგორც მექვენისა და ტვიშის მცხოვრებლები ამბობენ,  კომპანიას სამუშაოების ლეგიტიმურობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენება სთხოვეს, რაზეც პასუხად მიიღეს, რომ დოკუმენტისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის მიემართათ.

 

,,მათ მიერ ეკონომიკის სამინისტროსთან გადამისამართება ადასტურებს, რომ სამუშაოები კანონის გვერდის ავლით მიმდინარეობს. მათ ამისთვის არანაირი ლეგიტიმური უფლება არ აქვთ. აბა რა უნდოდა დოკუმენტის წარდგენას? ნებისმიერ ადგილზე ხეც რომ მოჭრა, ნებართვა სჭირდება და მთელი გზა რომ გადაჭრეს, არ უნდა წარადგინონ დოკუმენტი? ან წარწერა მაინც არ უნდა იყოს სადმე, რომ აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობს? ახლა უფრო სერიოზულად მოვითხოვთ პასუხს’’-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, მარიტა მუსელიანი. მისი თქმით, ჩამოშლილი კლდის ნაწილები კომპანიამ მდინარე რიონში ჩაყარა, რაც ასევე არაკანონიერია.

ნამოხვანის ჰესის კასკადის არაკანონიერების შესახებ ასევე საუბრობს სოფელ მექვენის მკვიდრი, მაკა სულაძე.

,,სულ იმას ვფიქრობ, ქუთაისში წასვლა რომ მომიწიოს, იმ ადგილზე როგორ გავიარო, ჩემთვის ეს ფსიქოლოგიურად უმძიმესი იქნება. წლებია ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ვიბრძვით, ამ ბრძოლას ლამის მთელი ცხოვრება შევწირეთ. ჰესის აშენება ნიშნავს მთელი დასავლეთ საქართველოს განადგურებას, რიონიდან შავ ზღვამდე’’-ამბობს მაკა სულაძე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რადიო ,,ძველი ქალაქი’’ სამუშაოების შემსრულებელ კომპანია ,,ENKA’’-ს დაუკავშირდა. როგორც კომპანიის პიარ-მენეჯერმა, ირინა პეტრიაშვილმა აღნიშნა, სამუშაოების დაწყების უფლება მათ მთავრობისგან მიიღეს, თუმცა ნებართვის დამადასტურებელ დოკუმენტს ვერ გვაჩვენებენ, ამისთვის ჟურნალისტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა ეკონომიკის სამინისტროს უნდა მიმართონ.

სოფელ ნამოხვანთან აფეთქებითი სამუშაოები გუშინ დაიწყო.

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ მთავრობამ ტენდერი 2015 წელს გამოაცხადა. ტენდერში თურქულმა კომპანია ,,ENKA’’-მ გაიმარჯვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *