პარტია ,, ევროპული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი
ოთარ კახიძე ამომრჩეველს პარლამენტის ქუთაისში გადმოტანას ჰპირდება. ოთარ კახიძემ ქუთაისელებს ,, ევროპული საქართველოს” სამოქმედო გეგმა წარუდგინა. პარლამენტის შენობისთვის თავდაპირველი ფუნქციის დაბრუნება, ათასობით კადრის დასაქმება, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება- ეს იმ დაპირებების არასრული ჩამონათვალია, რომლის შესრულებასაც მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისს ჰპირდება.
,, საჭიროა პარლამენტის ქუთაისში სრულად გადმოტანა, ხაზს ვუსვამ – სრულად გადმოტანა, ეს ნიშნავს 50 ათასი დეპუტატის გადმოსვლას ქუთაისში ოჯახებთან ერთად, ქუთაისი არ არის საგასტროლო ქალაქი, აქ უნდა გადმოვიდნენ მაჟორიტარები. ამის შემდეგ აღარ დაგვჭირდება იმის თქმა, რომ ამ ქალაქში თანამედროვე სტანდარტებთან შეუსაბამო ტრანსპორტი მოძრაობს, ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და ა. შ. პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა დაასაქმებს უამრავ ადამიანს, რადგან კადრებს ადგილზე აიყვანენ. ამას მოჰყვება სასტუმრო ბიზნესის განვითარება და ტურისტების რაოდენობის ზრდა” -, ამბობს ოთარ კახიძე.
რაც შეეხება იმას, რატომ გადაწყვიტა კენჭი ქუთაისში ეყარა, ოთარ კახიძის თქმით, მისი მიზანი იმერეთის პოტენციალის ზრდაა. როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი განმარტავს, ყველა რესურსი თბილისშია თავმოყრილი, რაც, მისი თქმით, არასწორია. ის ამბობს, რომ ქვეყნის განვითარებიათვის სხვადასხვა რეგიონში რესურსების თანაბარი განაწილებაა საჭირო.
ოთარ კახიძე თბილისიდანაა. 2016 წელს იგი მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭს ტყიბულისა და თერჯოლის ოლქში პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” იყრიდა.