“მდინარე რიონის ის ნაწილი, რომელიც სპორტული და კულტურული
განვითრების არენად შეიძლება იქცეს, ნაგავსაყრელად არის ქცეული”,-ამის შესახებ ქუთაისის ახალგაზრდა “ლეიბორისტების” ხელმძღვანელმა, გაგი ახალაძემ განაცხადა.
ახალგაზრდა ლეიბორისტებმა მწვანეყვავილას ქუჩაზე არსებული ანტისანიტარია გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ პრობლემის სათავე სანაგვე ურნების არარსებობაა.
,,იმის გამო, რომ ქუჩაზე ურნა არ დგას, მოსახლეობა ნაგავს მდინარის ნაპირზე ყრის. აქედან რამდენიმე მეტრში ნიჩბოსნობის სკოლაა და სირცხვილია, რომ ტურისტული თვალსაზრისით პერსპექტიულ ადგილზე ასეთი ანტისანიტარიაა. მოვუწოდებთ მერიას, დაასუფთავონ ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართეთ იმ გზას, რასაც ავტოქარხნის სკვერის მოუწესრიგებლობის გამო მივმართეთ. მაშინ მოუწესრიგებელი სკვერის გამო დასუფთავების აქცია დავაანონსეთ და დილით მერიამ ტერიტორია დასუფთავებული დაგვახვედრა, თან პროვოკატორები გვიწოდა, თითქოს ყოველდღე ასუფთავებენ სკვერს, ამით მეტად შეირცხვინა თავი, ახლაც იგივე მოუწევთ,, – ამბობს გაგი ახალაძე.
აქცია კამპანიის “შეარცხვინე” ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანი ქუთაისის ტერიტორიაზე დაბინძურებული ადგილების აღმოჩენა და პრობლემის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა. კამპანიის იდეა ახალგაზრდა ლეიბორისტების ეკუთვნით.
ააიპ,, სპეციალურ სერვისებში ” აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე სანაგვე ურნების დადგმა გზის სივიწროვის გამო ვერ ხერხდება.
,,მანქანით მივდივართ ააიპ,, სპეციალური სერვისების” თანამშრომლები და მწვანეყვავილას მოსახლეობა ნარჩენებს გვაბარებს. რაც შეეხება მდინარე რიონის დაბინძურებულ ხეობას, სამშენებლო ნარჩენები ფიზიკურად ვერ გაგვაქვს. მართალია, მანდ საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც არის, მაგრამ ამის მიზეზი სამშენებლო ნარჩენების არსებობა გახდა, რადგან მოსახლეობამ იგი ნაგავსაყრელად აღიქვა და დააბინძურა. ჩვენ დასუფთავების აქციის ფარგლებში ნარჩენები გაგვაქვს სხვადასხვა ტერიტორიიდან და მათ შორის, აღნიშნულ ადგილსაც დავასუფთავებთ,”- ამბობენ ააიპ “სპეციალურ სერვისებში”.