“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ქუთაისის მე-6 მოწვევის
საკრებულოს საქმიანობა შეაფასა. ანგარიში 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ჩათვლით საკვლევ პერიოდს ეხება. არასამთავრობო ორგანიზაციის ძირითად მიგნებებში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში საკრებულო აღმასრულებელ ორგანოსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა.
“ქუთაისის საკრებულო საანგარიშო პერიოდში აღმასრულებელ ორგანოზე და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა, საკრებულოს მიერ მის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა თუ ცალკეულ უწყებათა კონტროლი უმეტეს შემთხვევაში ფორმალური ხასიათის იყო. საანგარიშო პერიოდში ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ მოუწვევია კერძო აუდიტი საკრებულოს საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტის ჩასატარებლად,”-ნათქვამია გამჭვირვალობის კვლევაში.
ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების ჩამონათვალში წერია, რომ საკრებულოს წევრები უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ საზედამხედველო საქმიანობაში, კერძოდ უფრო ინტენსიურად უნდა გააკონტროლონ სახელმწიფო შესყიდვების პროცესი და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა.