საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ პანდემიის შემდეგ პირდაპირი
საჰაერო ფრენების აღდგენაზე ისაუბრა. მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან იმ ქვეყნებთან, რომელთანაც ფრენების აღდგენა უფრო სწარაფად იქნება შესაძლებელი. გახარია განმარტავს, რომ ქვეყანამ კორონავირუსთან ბრძოლაში მიღწეული შედეგი არ უნდა დაკარგოს და არ უნდა გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც ქვეყანაში შექმნის ვირუსის უკონტროლო გავრცელების მინიმალურ რისკსაც კი.
“ევროკავშირმა თქვა, რომ ის მის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოსთან და 14 ქვეყანას შეუძლიათ გახსნან საზღვრები. აქ მთავარია ის, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიღწევები ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით, იყო აღიარებული. ამის შემდეგ, ყველა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ მათი შიდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო სხვადასხვა გადაწყვეტილება. ზოგმა გაგვიხსნა უპირობოდ, ზოგმა გაგვიხსნა გარკვეული პირობებით და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი იქნება ადეკვატური და გონივრული, რომ ეს მიღწევა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც ქვეყანაში შექმნის ვირუსის უკონტროლო გავრცელების მინიმალურ რისკსაც კი. ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ კონკრეტულ სახელმწიფოებთან იმისთვის, რომ პირდაპირი ფრენები იყოს აღდგენილი. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან და ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, სწრაფად აღვადგინოთ პირდაპირი მიმოსვლა,”-განაცხადა გიორგი გახარიამ.