“გავრილოვის ღამიდან” 1 წლის თავზე ქუთაისში ანტისაოკუპაციო
აქცია დაიგეგმა. აქცია 20 ივნისს, 19:00 საათზე, ბალახვნის 100 საფეხურიან კიბესთან ჩატარდება.
“1 წლის თავზეც სირცხვილია და უფრო მეტადაც – საკუთარ შეცდომაზე სწავლის ნაცვლად ხელისუფლებამ გამოცხადებული ომი კიდევ უფრო გაამწვავა და თავისუფალ აზრს დაუპირისპირა როგორც ადმინისტრაციული რესურსი, ასევე მის მიერ მართული მედია და ასეულობით ყალბი ანგარიში სოციალურ ქსელში. 1 წლის თავზე ჩვენ გვჯერა, რომ ამ მასშტაბის ბოროტების დამარცხება მხოლოდ ერთად დგომითაა შესაძლებელი,”-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
საპროტესტო გამოსვლები და დარბევა თბილისში 2019 წლის 20 და 21 ივნისს მოხდა, რომელიც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სკამის დაკავებასა და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას მოყვა.
თავდაპირველად საპროტესტო აქცია სასტუმრო “რედისონთან” დაიწყო, თუმცა შემდგომ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. 20 ივნისს, გვიან ღამით სამართალდამცველებმა აქციის დაშლა დაიწყეს.
აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცველი იყო. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა.
საპროტესტო ტალღის შედეგად 21 ივნისს თანამდებობა დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.