,,ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის საკრებულოს წევრები ქუთაისის ბიუჯეტის გადახედვას მოითხოვენ. როგორც პარტიის
თავჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, კორონავირუსის შემდეგ ქალაქმა ცხოვრება უნდა განაგრძოს და ფრაქციის დეპუტატებს ამ მიმართულებით ინიციატივები შემუშავებული აქვთ. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ქუთაისის ბიუჯეტში გამოთავისუფლებული თანხები მოქალქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას უნდა მოხმარდეს.
საკრებულოს დეპუტატის, ბესიკ ბრეგაძის თქმით, გამოთავისუფლებული თანხის ყველაზე მცირე ოდენობა სავარაუდოდ 4 მილიონი ლარია.
,,ის მუხლები, რომლებიც 2020 წლის ბიუჯეტშია ჩადებული და ფიზიკურად ვერ გამოიყენებენ ამ წელიწადში, უნდა მობილიზდეს სხვა მიმართულებით. მაგალითად, როგორიცაა მივლინებები საზღვარგარეთ, საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა, სპორტსმენების დაჯილდოვება, ორმაისობის ღონისძიებაზე რა თანხებიც იყო ჩადებული და კიდევ არის მსგავსი ღონისძიებები. ცუდი დათვლებით, სულ მცირე 4 მილიონი მაინც იქნება ქუთაისის ბიუჯეტში.”- განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.
ოპოზიცია ქუთაისის საკრებულოს მათ ინიციატივებს უახლოეს დღეებში გადაუგზავნის.