ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში არსებულ მდგომარეობას
სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს. შუქრუთის მოსახლეობას 2020 წლის 17 თებერვლიდან პროტესტის ნიშნად ბლოკირებული აქვს შუქრუთის მაღარო. მოსახლეობა აცხადებს, რომ შპს “ჯორჯიან მანგანეზის” მადნის მოპოვებითი 24 საათიანი საქმიანობა საგრძნობ ზიანს აყენებს გარემოს და მათს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლებს, დამხმარე ნაგებობებს.
“სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი, ზიანის გამომწვევი მიზეზების დადგენისა და კომპანიასთან შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების წარმართვის მიზნით. ასევე, მოუწოდებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს უშუამდგომლოს შუქრუთის მოსახლეობას და პირადად ჩაერთოს კომპანიასთან მოლაპარაკებებში, რათა დაცული იყო მათი როგორც საკუთრების ასევე, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება,”-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
სოფელში, სადაც 280 ოჯახი ცხოვრობს, თითქმის ყველა საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია. დაბზარულია საძირკველი, კედლები, იატაკი. რამდენიმე სახლი სრულად დაინგრა. ალაგ-ალაგ ჩავარდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, საფრთხე შეექმნა საფლავებსაც. გარდა ამისა, მოსახლეობა მიუთითებს, რომ კომპანიის საქმიანობის შედეგად დაბინძურდა გარემო, გაიჩეხა ტყის მასივის გარკვეული ნაწილი, დაშრა ბუნებრივი წყაროს წყლები და ჭები, ნიადაგი მოუსავლიანი გახდა, გახმა ვაზი და სხვა მრავალწლოვანი ნარგავები.