“ჩინურმა კომპანიებმა წარმოადგინეს ინფორმაცია თუ როგორ იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ვირუსის პრევენციისა და საკარანტინო პირობების დაცვასთან მიმართებაში,”-ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს, რომლის ხელმძღვანელობა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იმ ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც სხვადასხვა მონაკვეთზე, საგზაო სამშენებლო პროექტებს ახორციელებენ.
“მივიღეთ დეტალური ინფორმაცია კომპანიების მხრიდან თუ როგორ ასრულებენ ყველა აუცილებელ რეკომენდაციას დაავადების პრევენციისათვის, ვთხოვეთ ჯანდაცვის სამინისტროს არსებული მონიტორინგის კიდევ უფრო გაძლიერება, რის საფუძველზეც მომზადდება დასკვნა. მანამდე მოვთხოვეთ ჩინელ კონტრაქტორებს, რომ შეაჩერონ ჩინეთის მოქალაქეების შემოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე,”-აღნიშნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ირაკლი ქარსელაძემ.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, საკითხის დეტალურად შესწავლის საფუძველზე, შეიმუშავებს ინდივიდუალურ რეკომენდაციებს კომპანიებისათვის და დამატებით მონიტორინგს განახორციელებს მათ შესრულებაზე, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს დაავადების პრევენციის ყველა წესი.
“მოვისმინეთ ინფორმაცია თუ როგორ ხორციელდება მართვის და კარანტინში განთავსების საკითხები. უკვე გადავწყვიტეთ, რომ შედგება დამატებითი ჯგუფები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, რომლებიც ადგილებზე გაეცნობიან არსებულ ვითარებას და გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს,” – აღნიშნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ეკა გოლიაძემ.