ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა კვლავ ვაკანტურია.
თავმჯდომარის მოვალეობას საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი შენგელია ასრულებს. ქუთაისის საკრებულოში აცხადებენ, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევისას საკრებულო დროში შეზღუდული არ არის.
საქართველოს ორგანული კანონის თვითმმართველობის შესახებ და საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს არანაკლებ 3 წევრს. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურების დასახელების შემდეგ, საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას და ითხოვს მათ თანხმობას, კენჭი იყარონ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე.
საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად დასახელებულ საკრებულოს წევრს კანდიდატთა ერთიანი სიის შედგენამდე უფლება აქვს უარი თქვას კანდიდატად დასახელებაზე სხვა კანდიდატის სასარგებლოდ ან უარი განაცხადოს კანდიდატობაზე მიზეზის დასახელებით ან მის გარეშე.
კანდიდატებისაგან თანხმობის მიღების შემდეგ, სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს ამ კანდიდატთა ერთიან სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით. კანდიდატთა ერთიანი სიის შედგენის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრას. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით, ბიულეტენების საშუალებით.
საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი ან ორი კანდიდატი და საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩა, ტარდება ხელახალი არჩევნები.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნიკოლოზ ლატარიამ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ნიკა ლატარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში 3 დეკემბერს გამოაქვეყნა.
ფოტო: ქუთაისის საკრებულო