“დღეს ქუთაისი ხელისუფლების გარეშე დარჩა”-
განცხადება ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიგა შუშანიამ გააკეთა. მისი თქმით, ქუთაისის მერმა სამსახურის უფროსები, მოადგილეები და მერიაში დასაქმებულები თბილისში აქციაზე იძულებით წაიყვანა. შუშანია ამბობს, რომ ოპოზიცია თვითმმართველობაში მოქალაქეების კითხვებზე საპასუხოდ მივიდა, რადგან მერიაში პასუხისმგებელი პირი აღარ დარჩა. გიგა შუშანია აცხადებს, რომ მერიის გარდა, ქალაქში მიმდინარე ინფრაქტრუქტურული პროექტებიც გაჩერებულია და თბილისში აქციაზე მუშებიც წაიყვანეს.
“დღეს ვართ აბსურდის მომსწრე. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ სამსახურის უფროსებთან და მოადგილეებთან ერთად მთლიანად ბოქლომი დაადო ქუთაისის მერიას. გამოიკეტა კარი და ყველა იძულების წესით თბილისში წაიყვანა. დილიდან ჩვენი ფრაქციის წევრები ვართ მერიაში, რომ მოქალაქეებს პასუხი გავცეთ. დღეს ქუთაისი ხელისუფლების გარეშე დარჩა. საბედნიეროდ, ბევრი პედაგოგი აღმოჩნდა ქუთაისში, რომელთაც უარი თქვეს თბილისში წასვლაზე. სამაგიეროდ, მათ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დასაქმებული მუშები წაიყვანეს,”-განაცხადა გიგა შუშანიამ.
ქუთაისიდან თბილისში დაგეგმილ აქციას 3700-მდე ადამიანი შეუერთდება. კოლონები თბილისში დღეს დილით გაემგზავრნენ.