“თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის ოფისში “ქართული ოცნების”
მხარდამჭერების შეჭრის მცდელობაზე კომენტარი გოგი წულაიამ გააკეთა. წულაიას თქმით, ხელისუფლება ანგარიშსწორების ისეთ ფორმებზე გადავიდა, რაც 90-იან წლებშიც კი არ გამოიყენებოდა. წულაია ამბობს, რომ მსგავსი დაპირისპირებები სამოქალაქო ომამდე მივა.
“90-იან წლებში არ კადრულობდით ასეთ მიხტომებსა და ანგარიშსწორებებს. მაშინ, როდესაც მთელ ქალაქში ავტომატის ხმა ისმოდა. მაშინაც პოლიტიკოსი და ამ ყველაფერის მონაწილე ვიყავი. ასეთი ქმედებები სამოქალაქო ომამდე მიდის. ხელისუფლება მათხოვარია, რომელსაც ჰყავს პროკურატურა, ჯარი, პოლიცია და მაინც ხალხს ხალხთანვე საბრძოლველად იყენებს. ასეთი ხელისუფლებები ძალიან ცუდად ამთავრებენ და დაამთავრებენ,”-განაცხადა გოგი წულაიამ.
წულაიას თქმით, “თავისუფალი საქართველოს” ოფისში შეკრებილმა ოპოზიციის წევრებმა 6 დეკემბერს დაგეგმილი აქციის შესახებ იმსჯელეს.
“გავუკეთეთ აქციას ორგანიზება, რომ რაც შეიძლება მშვიდობიანად ჩამთავრდეს და საზოგადოებას ჩვენი ღირსება დავანახოთ,”-თქვა წულაიამ.
“თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის ოფისში “ოცნების” აქტივისტებმა შეჭრა მაშინ სცადეს, როდესაც ოპოზიციის ლიდერები თათბირობდნენ. ოფისში იმყოფებოდა “ევროპული საქართველოს” ლიდერი აკაკი ბობოხიძე. “არა მიშას მონებს”-სკანდირებდნენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები.