ქუთაისში, “თავისუფალი საქართველოს” ოფისთან მომხდარ დაპირისპირებასა
და “ოცნების” მხარდამჭერების მიერ გამართულ აქციაზე კომენტარი აკაკი ბობოხიძემ გააკეთა. “ევროპული საქართველოს” წევრი “თავისუფალი საქართველოს” ოფისში იმყოფებოდა, რა დროსაც “ოცნების” აქტივისტებმა შენობაში შეჭრა სცადეს. აკაკი ბობოხიძის თქმით, აქციაზე ადამიანები იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორის, გრიგოლ დალაქიშვილის ხელმძღვანელობით მივიდნენ.
“ადამიანები საინტერესო პრეტენზიებით მოვიდნენ. ამ ჯგუფს პირსისხლიანი 9 წლიანი ხელისუფლების უშიშროების ოფიციალური თანამშრომელი გრიგოლ დალაქიშვილი ხელმძღვანელობს. დალაქიშვილის ხელმძღვანელობით მოსულ ხალხს, 9 წლიან სისხლიან რეჟიმზე პრეტენზია აქვს. მათ სათავეში 9 წლიანი რეჟიმის ყველაზე მძიმე ორგანიზაციის თანამშრომელი უდგას. გარდა ამისა, ეს ადამიანები არ იხსენებენ მაჩალიკაშვილის ამბავს, არ იხსენებენ პოლიციიდან გამოსული ადამიანის მიერ თავის ჩამოხრჩობას. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც წინასწარ, გამიზნულად, ყოველგვარი გულწრფელი აღშფოთების გარეშე არიან მოსული. აღშფოთებულ ქუთაისს ისინი პარასკევს ნახავენ,”-განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
“ევროპული საქართველოს” ლიდერი ამბობს, რომ შედეგებზე, რომლებიც მსგავსი ტიპის დაპირისპირებებმა შეიძლება მოიტანოს, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.
“პასუხისმგებელი იმ ყველა შედეგზე, რაც ამ დაპირისპირებებს შეიძლება მოჰყვეს, არის ხელისუფლება. ადამიანებმა შეიძლება თქვან, რომ ჩვენც მივედით მათ ოფისთან, მაგრამ ერთია, როდესაც მიდიხარ ოფისთან, დგახარ და რაღაცას აპროტესტებ, ხოლო მეორეა, როდესაც მუშტი-კრივით გადადიხარ შეტევაზე. როცა ხელისუფლება ასე იწყებს, ძალიან ცუდად ამთავრებს,”-განაცხადა ბობოხიძემ.
შეგახსენებთ, “თავისუფალი საქართველოს” ოფისში ოპოზიციის წევრები ქუთაისში, 6 დეკემბერს დაგეგმილი აქციის შესახებ მსჯელობდნენ.