ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან ივანიშვილის გამოსახულებით
სათამაშო მიიტანეს. მოძრაობა “გაბედეს” წევრებმა სათამაშო სასამართლოს ჭიშკართან დატოვეს. მათი თქმით, სათამაშოს “მოკლეფეხებიანი ბიძინა” ჰქვია. მათივე განმარტებით, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ხალხი ივანიშვილის ტყუილებს აღარ იჯერებს. “გაბედეს” აქტივისტები ამბობენ, რომ სასამართლო ტყუილ, ივანიშვილის სურვილების შემსრულებელ ორგანოდ გადაიქცა.
“ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, ისევე როგორც ჩვენ მიერ მოტანილ სათამაშოს. ივანიშვილი არის მოკლეფეხებიანი. ქვეყანაში ტყუილი ბრალდებებით აკავებენ ახალგაზრდებს. სასამართლო არის მატყუარა და ივანიშვილის სურვილების შემსრულებელი ორგანო. ივანიშვილი ეკრანზე გამოჩენის დღიდან იტყუება და ამას ხალხი მიხვდა. ლექსიკონში სიტყვა ტყუილი ივანიშვილით უნდა ჩანაცვლდეს,”-ამბობენ “გაბედეს” წევრები.
სააპელაციო სასამართლოს დაცვამ ჭიშკარზე მიმაგრებული სათამაშო ჩამოხსნა და აქტივისტებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”