მიმდინარე წელს თერჯოლაში ინფრასტრუქტურის
მოსაწყობად 6 მლნ 300 ათასი ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის მხარე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში თერჯოლის მუნიციპალიტეტში 170 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის, მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალმთიან სოფელში აშენდა ახალი საბავშვო ბაღი და რეაბილიტირდა 15 საჯარო სკოლა, კეთილმოეწყო 5 ამბულატორია.
იმერეთის მხარის განმარტებით, დასრულების ეტაპზეა თერჯოლის ცენტრში სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის ოფისის მშენებლობა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომელზეც 233 000 ლარი დაიხარჯება.
მუნიციპალიტეტში, ასევე ფინალურ ფაზაშია სოფელ ძევრის კეთილმოწყობა. ამჟამად მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოები, მათ შორის, ფასადებისა და სახურავების შეკეთება.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა შადრევანი და სკვერი, დაიგო ასფალტის გზა, მოეწყო სანიაღვრე არხები, ბორდიურები, შეიცვალა ტროტუარი და წყლის მილები. საერთო ჯამში პროექტის განსახორციელებლად 658 000 ლარი დაიხარჯა.
ფოტო: იმერეთის მხარე