ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოს

კომისიებში მიმდინარეობს. ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებმა უნდა შეისწავლონ და შენიშვნებითა და რეკომენდაციებით აღმასრულებელს დაუბრუნონ.

2020 წლის ბიუჯეტით კმაყოფილია უმრავლესობის დეპუტატი და საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჭეიშვილი. მისი თქმით, აღნიშნულის მთავარი მიზეზი ბიუჯეტის 7 მილიონით ზრდაა.

ჭეიშვილი ამბობს, რომ შენიშვნები და რეკომენდაციები ბიუჯეტთან მიმართებაში ყველა კომისიას აქვს.

უმრავლესობის დეპუტატი ირწმუნება, რომ მათს შენიშვნებს, წინა წლის მსგავსად, მხოლოდ ტექნიკური ხასიათი არ ექნება.

“ჩვენ გვაქვს შენიშვნები, მაგალითად, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციისათვის წელს ნაკლები თანხა არის გამოყოფილი. მოვისმენთ არგუმენტაციას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკეთესი იქნებოდა, იმავე რაოდენობის თანხა ყოფილიყო ამ მიმართულებით, რაც იყო წინა წლებში. გვაქვს მცირე შენიშვნები და ეს არ იქნება ფორმალური. ეს არ არის ტექნიკური შენიშვნა, ეს იქნება ის შენიშვნა, რომლის გამოსწორებასაც საჭიროდ ვთვლი,”-ამბობს ჭეიშვილი.

კომისიების შემაჯამებელი სხდომა ორშაბათს გაიმართება, სადაც დეპუტატები შენიშვნებს დააფიქსირებენ. ამის შემდეგ, ბიუჯეტი დასაკორექტირებლად აღმასრულებელს გადაეგზავნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *