“ამ ტყუილს ხელისუფლებას არ ვაპატიებთ”- ამ ლოზუნგით
ქუთაისში აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა, პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდება გააპროტესტეს.
“გავრილოვის ღამის შემდეგ, მთავრობამ სულში მეორეჯერ ჩაგვაფურთხა. დანაპირები, რომ 2020 წლისთვის პროპორციულ არჩევნებს ჩაატარებდნენ, არ შესრულდა. ამ ტყუილს ხელისუფლებას არ ვაპატიებთ. “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქართველი ხალხის აზრი არ აინტერესებთ. “ქართული ოცნება” და ივანიშვილი დესტაბილიზაციის წყარო არიან ქვეყანაში, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს, რომ პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადასულიყო,”-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
აქციის მონაწილეები საპროტესტო აქციების გაგრძელებას კვლავ აპირებენ. მათი თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ 2020 წლისათვის არჩევნები პროპორციული სიით არ ჩატარდება.
ფოტო: “ძველი ქალაქი”